
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები
საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. ჩვენსავით, ზომითა და ეკონომიკით პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია სავაჭრო ხელშეწყობა, რათა როგორც უცხო ქვეყნებიდან იმპორტი, ასევე უცხო ქვეყნებში ექსპორტი მაქსიმალურად გამარტივდეს, გვქონდეს მეტი ვაჭრობა და შევძლოთ ეკონომიკის გაზრდა. ამიტომაც, დროთა განმავლობაში, მსოფლიოს უმრავლესობა ქვეყნებთან დავამყარეთ ვაჭრობის ის პირობები, რომლებიც დაგვეხმარება ეკონომიკურ განვითარებაში, ამის ამსახველი კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა.
რას ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება?
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის შეთანხმება ორ ან მეტ ერს შორის იმპორტისა და ექსპორტის ბარიერების შესამცირებლად. თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია საერთაშორისო საზღვრებს მიღმა, მცირე ან არანაირი სამთავრობო ტარიფებით, კვოტებით, სუბსიდიებით ან მათი გაცვლის შეფერხების აკრძალვით.
როგორ მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება?
თანამედროვე სამყაროში, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა ხშირად ხორციელდება მონაწილე ერებს შორის ფორმალური და ურთიერთშეთანხმების გზით. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა შეიძლება უბრალოდ იყოს რაიმე კონკრეტული სავაჭრო შეზღუდვის არარსებობა.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიხედვით, მთავრობას აღარ სჭირდება კონკრეტული ზომების გატარება თავისუფალი ვაჭრობის ხელშესაწყობად. ამ შეთანხმებას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "laissez-faire ვაჭრობას" ან ვაჭრობის ლიბერალიზაციას.
თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის ან შეთანხმებების მქონე მთავრობები არაა აუცილებელი სრულიად ყველა სავაჭრო წესს უგულვებელყოფდნენ. თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში სულ რამოდენიმე ერთეული შემთხვევა არსებობს, რომლის შეთანხმების ფარგლებშიც ვაჭრობა ყოვლად გაუკონტროლებელი და ლიბერალიზებულია.
ერმა შეიძლება დაუშვას თავისუფალი ვაჭრობა სხვა ერთან - ოღონდ გამონაკლისებით, მაგალითად - აკრძალოს კონკრეტული წამლების იმპორტი, რომელიც არ არის დამტკიცებული მისი მარეგულირებლების მიერ, ან ცხოველების, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, ან გადამუშავებული საკვების, რომელიც არ აკმაყოფილებს მის სტანდარტებს.
ასევე, ერს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკა, რომელიც ათავისუფლებს კონკრეტულ პროდუქტებს ტარიფებისგან თავისუფალი სტატუსისგან, რათა დაიცვას ადგილობრივი მწარმოებლები უცხოური კონკურენციისგან.
საბოლოოდ და მოკლედ - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკვანძო სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ის ამცირებს ან სრულად აღმოფხვრის ბარიერებს საერთაშორისო საზღვრებს შორის ვაჭრობისთვის.
საქართველო თავისუფალი ვაჭრობის წიაღში
როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოსთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია მსგავს გარიგებაში შევიდეს რაც შეიძლება მეტ ქვეყენასთან და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ საზღვარგარე მიწასთან ვამყარებთ უფრო მისაღებ და გამარტივებულ ვაჭრობას.
საქართველო 2000 წლიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და იმყოფება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში თითოეულ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ქვეყანასთან. საქართველო ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ქვეყნებთან - თურქეთი, ჩინეთი, ჰონგ კონგი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირის (EU) ქვეყნებთან.
საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონას (DCFTA) ევროკავშირთან (EU). ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს GSP+ უბაჟო რეჟიმს 7000-ზე მეტ პროდუქტზე. EFTA ქვეყნებიდან ორთან, ნორვეგიასთან და ისლანდიასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველომ დადო 2017 წელს, ხოლო შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან 2018 წელს. თურქეთთან შეთანხმება დაიდო 2008 წელს, ჩინეთთან კი 10 წლის შემდეგ - 2018 წელს.
GSP რეჟიმი ასევე გამოყენებულ იქნა შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და იაპონიასთან, რამაც საქართველოდან ექსპორტირებული 34000 საქონელზე შეამცირა ტარიფები. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პატრნიორობის კომისიის ეკონომიკური, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, ორი ქვეყანა მუშაობს ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაზე. ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას ორმა მხარემ ხელი მოაწერა 1994 და ამ წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნება აქვს დართული მრავალი პროდუქტი უბაჟოდ გაუშვას ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში - სწორედ პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP) პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს ასევე აქვს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები რუსეთთან, უზბეკეთთან, მოლდოვასთან, ყაზახეთთან, უკრაინასთან, თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ორმხირივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოიაზრებს თანხმობას ორ კონკრეტულ ქვეყანას შორის, შეღავათიანი ტარიფების და ბარიერების შემცირება/აღმოფხვრის პოლიტიკის გატარებით. ამ შეთანხმებაში მონაწილეობს მხოლოდ ორი მხარე და მისი არცერთი პუნქტი არ ვრცელდება ორმხირივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარეთ მყოფ რომელიმე სხვა ერზე. საქართველო თურქეთისა და რუსეთის შემთხვევაში გამონაკლის პირობებს აწარმოებს და შეთანხმებიდან ამოღებული აქვს რამოდენიმე პროდუქცია.
მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დსთ-ს ქვეყნებს შორის, გარდა რუსეთის ფედერაციისა, რეგულირდება დსთ-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მრავალმხრივი შეთანხმებით (1994). საქართველო ასევე არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის GUAM-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის მრავალმხრივი შეთანხმების წევრი (2002).
უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას მოიცავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და რა ფორმით, რომელი პროდუქცია რომელ ფილტრში გადის ამ შეთანხმებების ფარგლებში, ასევე, რომელ ქვეყანასთან რა კონკრეტული გარიგების ფორმა გვაქვს, იხილავთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ გვერდზე.