
ინკოტერმინები
საერთაშორისო ვაჭრობის გზამკვლევი - ინკოტერმინები 2020
უძველესი დროიდან, რაც ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია დავიწყეთ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ერთმანეთში ვაჭრობა - რაც სერვისებისა თუ პროდუქტების გადაცვლაში გამოიხატებოდა. დროთა განმავლობაში, მასშტაბების მომატებასთან ერთად, ცხადია საჭირო გახდა ერთგვარი დახვეწა იმისა, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობდა ვაჭრობა და რამდენად კმაყოფილი რჩებოდა ვაჭრობაში მონაწილე თითოეული ჭანჭიკი.
კაცობრიობამ ე.წ. თავისუფალ ვაჭრობაში მომწიფება 19-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რაც თავის თავში აერთიანებდა არამხოლოდ ინდივიდებს შორის სერვისებისა თუ პროდუქციის გაცვლა-გამოცვლას, არამედ საერთაშორისო თუ გლობალურ ვაჭრობას. 20-ე საუკუნის დასაწყისში, საერთაშორისო ვაჭრობის დინება იმდენად მოძლიერდა, რომ საჭირო გახდა მისი მაქსიმალურად გამაადვილებელი თეორიებისა თუ პრაქტიკების დანერგვა. სწორად ამ საჭიროებამ წარმოშვა იმის აუცილებლობა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატას (საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საფუძველიც საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა და კომერციულ დავებთან დაკავშირებით საარტბიტრაჟო მომსახურებაა) გამოემუშავებინა საერთაშორისო ვაჭრობის ერთგვარი გაიდლაინი, სახელად - Incoterms (International Commercial Terms - საერთაშორისო კომერციის ტერმინები). პირველი ასეთი გაიდლაინი შეიქმნა 1936 წელს და იგი ყოველწლიურად, საერთაშორისო თუ გლობალური ვაჭრობის განვითარებასთან ერთად იცვლება და იხვეწება.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო ვაჭრობის წესები ექცევა Incoterms 2020-ის ფარგლებში. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ეს გაიდლაინი ერთგვარი ჩამონათვალია იმ კონკრეტული გარიგებებისა, რომლითაც გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთთან ტვირთის გამავალობის სპეციფიკას ამყარებენ, რათა მაქსიმალურად აირიდონ თავიდან ნებისმიერი გაუთვალისწინებლობა, რაც ბიზნესებს შორის და განსაკუთრებით დიდ მასშტაბებსა თუ მანძილებზე ვაჭრობისას შეიძლება წარმოიქმნას. ინკოტერმსის მთავარი დანიშნულებაა სწორად და რაც შეიძლება ზუსტად განსაზღვროს მომწოდებლისა და მყიდველის და ასევე მათი დამაკავშირებელი გადამზიდავის პასუხისმგებლობები.
ამ დროისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატა ასეთი სპეციფიკური გარიგებების, ანუ ინკოტერმინების 11-ეულს გვთავაზობს, რომელიც გადანაწილებულია ორ კატეგორიაში:
ტრანსპორტირების ნებისმიერი რეჟიმის წესები:
-
EXW (Ex Works)
-
FCA (Free Carrier) უფასო მიწოდება
-
CPT (Carriage Paid To) გადახდილი გადაზიდვა
-
CIP (Carriage & Insurance Paid To) გადახდილი დაზღვევა და გადაზიდვა
-
DAP (Delivered at Place) მიწოდება ადგილზე
-
DPU (Delivered at Place Unloaded) მიწოდება გადმოტვირთვის ადგილზე
-
DDP (Delivered Duty Paid) გადახდილი მოვალეობა
საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტირების წესები:
-
FAS (Free Alongside Ship) გემით, უფასო
-
FOB (Free On Board) ბორტზე, უფასო
-
CFR (Cost & Freight) ღირებულება და ტვირთის გადაზიდვა
-
CIF (Cost Insurance & Freight) გადაზიდვის და დაზღვევის ღირებულება
მოცემული 11-ეულიდან, ზოგი მკვეთრად, ზოგიც კი ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, მომწოდებელსა და მყიდველს კი თავისი კონტრაქტიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტის არჩევა და კონტრაქტზე მობმა შეუძლიათ - მეტი თვალსაჩინოებისთვის და მისკომუნიკაციის თავიდან ასარიდებლად. აქვე აღსანიშნია, რომ ინკოტერმსი არ წარმოადგენს უშუალოდ კონტრაქტს - იგი კონტრაქტის მხოლოდ ვალდებულებების გადანაწილების დამაზუსტებელი პუნქტია, რომელიც ვაჭრობაში ჩართულ თითოეულ მხარეს უკვალავს კომფორტულ საკომუნიკაციო თუ საოპერირო გზას. სხვა სიტყვებით, ინკოტერმსი არის საერთაშორისოდ ცნობილი და მიღებული 11 ტერმინი, რომელიც განაგებს მომწოდებელსა და მყიდველს შორის მაქსიმალურად მისაღებ გარიგების ფორმას.
ერთის მხრივ, ინკოტერმინთა ვერტიკალური იერარქია შეგვიძლია ჰორიზონტალურ ჭრილშიც წარმოვიდგინოთ, რომელიც მომწოდებლისა (A) და მყიდველის (B) ვალდებულებებით გამოიხატება, ამიტომ სანამ თითოეულ წესს დამოუკიდებლად განვიხილავდეთ, საჭიროა გავეცნოთ მათი ოპერირების საპასუხისმგებლო და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს. Incoterms ადგენს:
A1/B1 ძირითად ვალდებულებებს;
A2/B2 გადაცემა/ჩაბარებას;
A3/B3 რისკის გადაცემას;
A4/B4 გადაზიდვას;
A5/B5 დაზღვევას;
A6/B6 ჩაბარების/ტრანსპორტირების დოკუმენტაციას;
A7/B7 ექსპორტის/იმპორტის დამოწმებას;
A8/B8 შემოწმება/შეფუთვა/მონიშვნას;
A9/B9 ხარჯთა გადანაწილებას;
A10/B10 მიმოხილვას.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მომწოდებელი და მყიდველი (გადამზიდავის ჩათვლით) უნდა შეთანხმნენ, არის:
-
ტვირთის საბოლოო მიწოდების ადგილი, სადაც ტვირთზე პასუხისმგებლობა ეხსნება მომწოდებელს და სრულად გადადის მყიდველზე.
-
ტრანსპორტირების ხარჯები - მომწოდებელი და მყიდველი ინაწილებენ ტრანსპორტირების სხვადასხვა ეტაპის ხარჯებს შეთანხმების მიხედვით.
-
პასუხისმგებლობა საბაჟო, საექსპორტო და საიმპორტო დოკუმენტაციასა, ფორმალობებზე და გადასახადებზე.
-
ტრანსპორტაციასთან დაკავშირებული დაზღვევა.
ინკოტერმსის ინტეგრირება საკმაოდ სპეციფიკური ფორმულირებაა, სადაც მითითებული უნდა იყოს როგორც კონკრეტული ინკოტერმინის აბრევიატურა, ასევე ლოკაცია და თარიღი, მოცემული ინკოტერმინის სპეციფიკასთან შეთანხმებით.
ახლა კი განვიხილოთ ყველა ინკოტერმინი სათითაოდ, რომ უკეთ გავიგოთ, რა მოცემულობაში და რომელი უფრო ხელსაყრელი ვარიანტია როგორც მომწოდებლისთვის, ასევე მყიდველისთვის.
დავიწყოთ ტრანსპორტირების ნებისმიერი რეჟიმის წესებით (ინკოტერმინებით) - ანუ გემის გარდა ნებისმიერი ტრანსპორტის წესებით:
EXW (Ex Works) - მომწოდებელი უთანხმდება მყიდველს საქონლის გადაცემის კონკრეტულ ადგილზე, საიდანაც მომწოდებელს ეხსნება ყველანაირი ვალდებულება და მთლიანი პასუხისმგებლობა გადადის მყიდველის მხარეს.
ამ შემთხვევაში, მომწოდებლის მოვალეობებში შედის პროდუქტის მხოლოდ კონკრეტულ ადგილამდე მიტანა, რაც არ გულისხმობს გადმოტვირთვასაც კი. მოცემული წესი მაქსიმალურად ხელსაყრელი და მისაღებია მომწოდებლისთვის, თუმცა შეიძლება საკმაოდ პრობლემური გახდეს მყიდველისთვის, თუ მას წინასწარ გათვლილი არ აქვს რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთაშორისო ვაჭრობის ეს კონკრეტული წესი. ამ წესის ფარგლებში, ადგილი, სადაც ტვირთის მყიდველისთვის გადაცემა ხდება, არის მომწოდებლის არეალში და მის იურისდიქციაში, შესაბამისად, საექსპორტო დოკუმენტაციისა და სამომავლო გადაზიდვის დეტალები სრულად მყიდველის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, EXW ინკოტერმინი მეტად ხელსაყრელია საშინაო გადაზიდვებისას. თუმცა, მომწოდებელი არაფორმალურად, მაგრამ მაინც ვალდებულია დახმარება გაუწიოს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციისა თუ სხვა დეტალების გარკვევასა და მოპოვებაში.
FCA (Free Carrier) - ეს წესი საკმაოდ ახლოს დგას ზემოთ მოცემულ EXW ინკოტერმთან, თუმცა მეტად მისაღებია მყიდველისთვის, რადგან მომწოდებელს შეუძლია ტვირთი დატოვოს როგორც მის იურისდიქციაში, ასევე მყიდველისთვის ხელსაყრელ სხვა ლოკაციაზეც, მყიდველის მიერ ორგანიზებულ სატრანსპორტო საშუალებაზე. ასევე, მომწოდებლის პასუხისმგებლობაა მოამზადოს და შესაბამისი თანხაც გადაიხადოს საექსპორტო დოკუმენტაციაში, მყიდველს კი ეკისრება გადამზიდავ კომპანიასთან მოლაპარაკება და მისგან ზედნადების მოპოვება.
CPT (Carriage Paid To) - ამ ტერმინთან დაკავშირებითაც იგივე პასუხისმგებლობები და პირობები მოქმედებს, რაც FCA-ს შემთხვევაში, თუმცა ამჯერად მომწოდებელს ეკისრება კონკრეტულ ადგილამდე მიწოდებისას ნებისმიერი ხარჯის დაფარვის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, მომწოდებელი რა წამს გადასცემს ტვირთს იმ გადამზიდავს, რომლის შესახებაც შეთანხმებულია მყიდველთან, მას ეხსნება ტვირთის რაოდენობასა თუ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, თუმცა მისი პასუხისმგებლობაა გადამზიდთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა, რათა ტვირთმა მიაღწიოს მყიდველის იურისდიქციამდე. შესაბამისად, FCA-სგან ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გადამზიდთან პირველადი თუ ფინანსური კომუნიკაცია მომწოდებლის ვალდებულებაა.
CIP (Carriage & Insurance Paid To) - მომწოდებელს აქვს იგივე პასუხისმგებლობები, რაც CPT-ის შემთხვევაში, თუმცა მათ ასევე ემატება დაზღვევის ხარჯები და დაზღვევას უნდა ჰქონდეს დაფარვის მაღალი კოეფიციენტი. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე რომ ინკოტერმინი უშუალოდ კონტრაქტი არაა, ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შესწორებების შეტანა და შეზღუდულ დაფარვაზე შეთანხმებაც. ამ გარიგებისას, მნიშვნელოვანია ორი ლოკაცია - ადგილი, რომელიც განკუთვნილია რისკის ტრანსფერისთვის (სადაც მომწოდებელს ეხსნება პასუხისმგებლობა და ის მთლიანად გადადის მყიდველზე) და საბოლოო დანიშნულების წერტილი (ანუ ადგილი, სადაც მომწოდებელი ტვირთს გადააბარებს მისივე კონტრაქტორ გადამზიდს).
DAP (Delivered at Place) - გარიგების ამ ფორმატში, მომწოდებლის პასუხისმგებლობაა ტვირთი მიიტანოს ორივე მხარეს მიერ შეთანხმებულ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ის ასევე ფარავს ამ ლოკაციამდე მისვლის ნებისმიერ ხარჯს და იღებს ტვირთის კონდიციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პასუხისმგებლობას. თუმცა, პასუხისმგებლობა გადადის მყიდველზე რა წამს მომწოდებელი ტვირთს მიიტანს შეთანხმებულ ადგილას.
DPU (Delivered at Place Unloaded) - მომწოდებელი ფარავს ყველა ხარჯს და პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერ რისკზე, რაც შეიძლება შეიქმნას საქონლის შეთანხმებულ ადგილას მიტანამდე. ამ ადგილიდან, საქონელი შესაძლოა სხვა ან იმავე ტრანსპორტით წავიდეს საბოლოო დანიშნულებამდე. მომწოდებელი ვალდებულია საზღვართან დაკავშირებული დოკუმენტაცია და პროცესები დაალაგოს, გადმოტვირთოს პროდუქტი მყიდველის იურისდიქციამდე, თუმცა მყიდველია პასუხისმგებელი განბაჟებასა და მასთან დაკავშირებული უფლებების მოწესრიგებასა და უზრუნველყოფაზე.
DDP (Delivered Duty Paid) - თუ Ex Works მორგებული იყო მომწოდებელზე, DDP მაქსიმალურად ხელსაყრელია მყიდველისთვის, რადგან ამ ტიპის გარიგებისას, მომწოდებლის პასუხისმგებლობაა პროდუქტის საბოლოო დანიშნულებამდე მიტანა, ამ პროცესის ნებისმიერი პუნქტის დაზღვევა, ექსპორტისა თუ იმპორტის ხარჯები და დოკუმენტაციის გამართვა. ორი სიტყვით - მომწოდებლის ვალდებულებებში შედის ყველაფერი, რაც გასაკეთებელია რომ პროდუქცია მზად იყოს ჩამოსატვირთად საბოლოო დანიშნულების ადგილას.
ახლა კი გადავიდეთ საზღვაო და შიდა-წყლების ტრანსპორტირების წესებზე, რომლებიც ვრცელდება ტვირთის მხოლოდ წყლით გადაზიდვის შემთხვევაში:
FAS (Free Alongside Ship) - ეს გარიგება საზღვაო და შიდა-წყლების ტრანსპორტირების EXW-ია ფაქტობრივად, რადგან ამ წესის მოქმედების ფარგლებში, მომწოდებელს აქვს პასუხისმგებლობა ტვირთი მიიტანოს უშუალოდ გემამდე, შემდეგ კი გადმოგტვირთვიდან მოყოლებული, ფასები, რისკები, დაზღვევები, ექსპორტ-იმპორტის დეტალების გასწორება თავიდან ბოლომდე ხდება მყიდველის ვალდებულება.
FOB (Free On Board) - გარიგების ამ სპეციფიკაში, მომწოდებელი ვალდებულია როგორც ტვირთი მიიტანოს გემამდე, ასევე ჩამოტვირთოს ის გემზე და გაასწოროს საექსპორტო დოკუმენტაცია. რა წამს საქონელი ჩამოიტვირთება გემზე, სრული პასუხისმგებლობა მასზე და თანმდევ პროცესებზე გადადის მყიდველზე.
CFR (Cost & Freight) - მცირე განსხვავება ამ წესსა და FOB-ის შორის იმაში მდგომარეობს, რომ მომწოდებლის ვალდებულებაა დაფაროს ის ხარჯები, რაც საჭირო გახდება რომ ტვირთი მივიდეს გადასაზიდ პორტამდე. გარიგების ამ ტიპს აქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი როგორც დანიშნულების ადგილი - პორტი, სადაც ხდება ტვირთის გადაცემა მყიდველისთვის და პორტი, რომელიც არის ტვირთის საბოლოო დანიშნულების წერტილი.
CIF (Cost Insurance & Freight) - ეს წესი საკმაოდ ახლოსაა CFR-თან, თუმცა ერთი მცირე განსხვავებაა: სხვა ვალდებულებებთან ერთად, მომწოდებლის პასუხისმგებლობაა დაფაროს დაზღვევის მინიმალური ხარჯები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს სჭირდება დამატებით დაზღვევა, მან დამოუკიდებლად უნდა დაფაროს ეს ხარჯი.
დასკვნა
ზემოთ მოცემული ინფორმაცია შემეცნებით/გაცნობითი ხასიათისაა. საკითხის მეტად სიღრმისეულად შესაცნობად, უმჯობესია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შედგენილი ინკოტერმინების გაიდლაინს გავეცნოთ. ჩვენ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი წესები შემუშავდა იმისათვის, რომ ადამიანებმა და ბიზნესებმა მეტად სწრაფად, მოქნილად და ხარისხიანად აწარმოონ ერთმანეთთან ვაჭრობა და თავიდან აირიდონ არასაჭირო და ყოვლად ზედმეტი პრობლემები. ინკოტერმსი საერთაშორისო სავაჭრო ენაა და მისი ცოდნა მსოფლიოს ნებისმიერი ორი წერტილის მყიდველსაც თუ მომწოდებელსაც გზას უხსნის მაქსიმალურად უხარვეზოდ აწარმოოს საერთაშორისო ვაჭრობა.