როგორ დავიწყო ექსპორტი?

რადგან აქ ხარ, ესეიგი საკუთარი წარმოების პროდუქციის პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მოიაზრებ და გაინტერესებს, როგორ დაიწყო, ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, რომ საწყის ეტაპში გაგარკვიოთ, საკუთარი თავისა თუ ბიზნესის სრული პოტენციალის დანახვაში დაგეხმაროთ და ექსპორტის პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებით დაგაკვალიანოთ.

რითი დაიწყო? რა თქმა უნდა საკუთარი თავით და გააგრძელო ბიზნესით, რომ ზუსტად გაარკვიო, გაქვს თუ არა საკმარისი პიროვნული თვისებები, შესაფერისი მაინდსეტი და ბიზნესი, რომელიც იხეირებს ექსპორტით. მოდი დავიწყოთ “შენ”-ით:

 

საკუთარი თავის განსაზღვრა: გლობალური აზროვნება

რომელი უნიკალური თვისებები თუ უნარებია საჭირო იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ექსპორტიორი? რომ გაარღვიო საზღვრები ახალ ბაზრამდე? რომ გახდე გლობალური კონგლომერატის საერთაშორისო აღმასრულებელი? შესაძლოა წარმატებული ექსპორტიორები, საერთაშორისო ექსპანსიის ხელოვანები და აღმასრულებლები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ტემპერამენტით, ინდივიდუალობით, გამოცდილებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებით, ისინი უფრო ერთმანეთს გვანან ვიდრე ერთმანეთისგან განსხვავდებიან. და რა აერთიანებს მათ? - შესაძლებლობა და სურვილი იმისა, რომ თამამად გარისკონ სამყაროში წინსვლა და ადაპტირდნენ პროცესის მიხედვით - სწორედ ამას ვეძახით გლობალურ მაინდსეტს. წარმატებული ექსპორტიორები გამოიმუშავებენ გლობალურ აზროვნებას, რომელიც მათ ამოტივირებს საკუთარი ბიზნესი აოპერირონ უცნობ გარემოშიც კი.

მოდი ცოტა გავმხიარულდეთ და ექსპორტი წარმოვიდგინოთ ერთგვარ და შედარებით ექსტრემალურ ატრაქციონად. მსგავს ატრაქციონზე დასხდომამდე, ჩვენ წინასწარ ვიცით რა თავბრუდამხვევ და ამაღელვებელ მოგზაურობაშიც მივდივართ, ვემზადებით ფიზიკურად და მორალურად, ვიკრავთ ღვედს და წავიდა! საკუთარი ბიზნესის ექსპორტზე გატანაც მსგავსი გამოცდილებაა, ასე რომ სანამ ამ გზას დაადგები, კითხე საკუთარ თავს - მზად ხარ ამ ამაღელვებელი მოგზაურობისთვის? მზად ხარ ადვილ და რთულ მომენტებში ბოლომდე ატარო შენი ბიზნესი და გადალახო ნებისმიერი გამოწვევა, რაც გზაზე შეგხვდება? მზად ხარ გადალახო შიში, რაც ამოყირავების მომენტებში დაგეუფლება? შენ ხომ შორ მიწაზე, შენთვის უცხო კულტურასა და გარემოში სამოგზაუროდ მიდიხარ… ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ექსპორტისთვის ერთგვარი საშინაო დავალებაა, რომელსაც ახლა ერთად გავივლით.

საშინაო დავალება გექნება შესასრულებელი საკუთარ ტემპერამენტსა და შესაძლებლობებზე, ექსპორტის ტექნიკურ გზებზე, ბაზრის შესწავლაზე, ფინანსური საკითხების გათვალისწინებაზე და რაც მთავარია იმაზე, თუ რამდენად მოთხოვნადია რომელიმე ბაზარზე შენი პროდუქტი ან სერვისი.

რაც უფრო ხარისხიანად და სიღრმისეულად შეასრულებ დავალებას, მით უფრო მცირედამდე დაიყვან რისკებისა თუ შეცდომების ალბათობას. თუმცა, სანამ ა წერტილიდან (ექსპორტზე დაფიქრება) ბ წერტილამდე (ექსპორტის განხორციელება) მიხვალ, აუცილებელია დარწმუნდე იმაში, რომ ინტელექტუალურად და ქმედითად დაღვინებული, გლობალური აზროვნება გაქვს, არ დაიბნევი და საშენოდ გამოიყენებ შენთვის უცხო გარემოს. 

 

საკუთარი თავის მოკვლევა

გლობალური აზროვნება იწყება თვითშეგნებით, ირეკლება სამყაროს მიმართ მინდობილობასა და ღიაობაში და აკუმულირდება ფართო კულტურული განსხვავებების მიმართ მიმღებლობაში. ამას დავუმატოთ თავგადასავალ-მოყვარული ატრაქციონის მგზავრი, ადაპტირებადობა, სოლიდური განათლება, ბიზნესის კომპეტენცია და საერთაშორისო მოგზაურობის ცხოვრებისეული გამოცდილება და შენ მიიღებ იდეალურ გლობარული აზროვნების მქონე ლიდერის ფორმულას. სწორედ ამ სიხშირეებზე კონცენტრირება აყალიბებს გლობალურ აზროვნებას და გვეხმარება ექსპორტის წარმატებულ წარმოებაში.

აქვე, გაგიზიარებთ პირადი თუ სხვადასხვა - უსაღვრო და წარმატებული ადამიანების მიერ უშუალოდ გამოცდილ ობზერვაციებსა და აქტივობებზე დაყრდნობილ 12 მახასიათებელს, რომელიც გამოგადგება ბიზნესის საექსპორტო სამყაროში:

  1. სამყაროს საზღვრების გარღვევა და სწრაფი ადაპტაციის უნარი.

  2. ემპათია სხვებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის მიმართ. 

  3. კულტურული და ემოციური ინტელექტი

  4. უცხო ქვეყნების, ენებისა და კულტურების მიმღებლობა და სიყვარული

  5. სამყაროს ნებისმიერი წერტილის ადამიანში საუკეთესოს გამოღვიძების უნარი

  6. და საქმის მასთან ერთად წარმოების სურვილი

  7. ცნობისმოყვარეობა და შემეცნებითი წყურვილი

  8. სრული ობიექტურობა ადამიანებისა და საქმის მიმართ

  9. მოქნილობა და სხვაზე მომსახურების სიყვარული

  10. სირთულის გამარტივების უნარი

  11. დაბრკოლებებთან პოზიტივით შერკინების და მუდმივად უკეთესი გამოსავალის ძიების უნარი

  12. ელასტიურობა - დავარდი? წამოდგები და უფრო მყარად დადგები, ვიდრე აქამდე.

დიდია იმის შანსი, რომ ამ მახასიათებლებიდან რამოდენიმეს ვერ ცნობდე საკუთარ თავში, თუმცა ეს დროისა და მონდომების საკითხია და საბოლოოდ, თუ ამ სიის უმრავლესობა შენთვის ნაცნობია - შენთვის საექსპორტო წარმატებაც გარდაუვალია. ამით ასე თუ ისე ამოვწურეთ “შენ” და ახლა “შენი ბიზნესი”-ს ჯერიც დადგა.

 

შენი ბიზნესის განსაზღვრა: ლოკალური ბიზნეს მოდელი

შენი ლოკალური ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია და აქტიურად აფერადებს საშინაო ბაზარს, თუმცა შენთვის აღარაა საკმარისი ადგილი გეოგრაფიულად, ამიტომაც საჭიროა საზღვრებს მიღმა გაიჭვრიტო. 

ექსპორტის სპეციფიკებზე გათვლილი სამთავრობო ვებსაიტი გვთავაზობს კითხვარს (ლინკი არ მუშაობს), რომელიც დაგეხმარება შენი ბიზნესის სწორად განსაზღვრაში, რასაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მიაღწევ:

  1. აწარმოებს თუ არა შენი კომპანია პროდუქტს/სერვისს, რომელიც წარმატებით იყიდება შიდა ბაზარზე? (კი/არა)

  2. შენ კომპანიას აქვს, ან ამზადებს საერთაშორისო მარკეტინგის გეგმას სწორად გათვლილი მიზნებითა და სტრატეგიებით? (კი/არა)

  3. აქვს თუ არა შენ კომპანიას საექსპორტო ბაზრისთვის საკმარისი საწარმოო გამტარუნარიანობა? (კი/არა)

  4. აქვს თუ არა შენ კომპანიას საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ სათანადოდ წაეშველოს შენი პროდუქტის საერთაშორისო ბაზრის სპეციფიკაზე მორგებულ მარკეტინგს? (კი/არა)

  5. არის თუ არა შენი კომპანიის მენეჯმენტი მოწადინებული განავითაროს საექსპორტო ბაზარი და ამ პროცესს დაუთმოს დრო, თანამშრომლები, რესურსი? (კი/არა)

  6. არის თუ არა შენი კომპანია მოწადინებული იგივე ხარისხის სერვისი უზრუნველყოს საექსპორტო ბაზრისთვის, რასაც უზრუნველყოფს შიდა ბაზარზე? (კი/არა)

  7. აქვს თუ არა შენ კომპანიას ადეკვატური ცოდნა იმისა, თუ როგორ შეცვალოს პროდუქტის შეფუთვა და ინგრედიენტები ისე, რომ მაქსიმალურად მოერგოს უცხოურ საიმპორტო რეგულაციებსა და კულტურულ პრეფერენციებს? (კი/არა)

  8. აქვს თუ არა შენ კომპანიას ადეკვატური ცოდნა იმისა, თუ როგორ გადაზიდოს პროდუქტი საზღვარგარეთ, როგორ აირჩიოს და ეკონტაქტოს გადამზიდავ კომპანიებს და როგორ განსაზღვროს გადაზიდვის ხარჯები? (კი/არა)

  9. აქვს თუ არა შენ კომპანიას ადეკვატური ცოდნა იმისა, თუ ექსპორტის ხარჯების გადახდის რა მექანიზმები არსებობს და როგორ უნდა განავითაროს და აწარმოოს მოლაპარაკებები აკრედიტივთან დაკავშირებით? (კი/არა)

კითხვარის შევსების დასრულებისთანავე, საიტი გიჩვენებს ონლაინ ქულას, რომელიც დაგეხმარება უკეთ დაინახო შენი ბიზნესის ექსპორტზე გატანის მზაობა და თვალსაჩინო გახადოს, რომელ პუნქტებზე გაქვს მეტი სამუშაო შედეგის გასაუმჯობესებლად. თუ ყველა კითხვაზე დადებითი პასუხი არ გაქვს, ეს არ ნიშნავს რომ ექსპორტზე ფიქრს თავი უნდა დაანებო, პირიქით - საშინაო დავალება კიდევ უფრო სიღრმისეულად უნდა შეასრულო და არ დაივიწყო მიზანი - წარმატებული ექსპორტი.

საბოლოოდ, ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გავცეთ კიდევ ერთ შეკითხვას: შეგიძლია თუ არა ექსპორტის შემდეგ საგარეო პროცესებში შენი საშინაო ოპერაციების ნიმუშად გამოყენება? პასუხია - გააჩნია. ბუნებრივია, რომ სურვილია ექსპორტი შიდა ოპერაციების წარმატებული გაგრძელება იყოს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ მოგცემს.

სასურველია ამაზე არ ვკონცენტრირდეთ, რადგან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კომპანიის ორიენტაციაზე. როდესაც რაიმე პროდუქტი წარმატებით იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე პროდუქტი იგივე წარმატებით გაიყიდება სხვა, კულტურულად განსხვავებულ ქვეყანაში. წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დავაადაპტირებთ ჩვენ პროდუქტსა თუ სერვისს კონკრეტულ ბაზარზე, რადგან თითოეული ბაზარი განსხვავებულია, განსაკუთრებით კულტურულად და სწორედ ამიტომაა საჭირო მასზე მორგებული, შესაფერისი ადაპტაცია.

to-top